„მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა“ – მესტვირიშვილი

„მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა“ – მესტვირიშვილი

„მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სებ-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. პანდემიით გამოწვეული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და ლოგისტიკური შეფერხებების ფონზე გაძვირებული ტრანსპორტირება ეტაპობრივად უნდა დარეგულირებულიყო. 2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი (მათ შორის პური, ზეთი) ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

მიუხედავად ამისა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8%-მდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება,“ – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…